თბილისი (GBC) – რუსეთში სამხედრო მობილიზაციას გაქცეულების ავტოკოლონამ რუსეთ–საქართველოს საზღვართან რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის საცობი შექმნა, რამაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა თურქული სატვირთოების გადაადგილება ამ მიმართულებით, რომელთა დანიშნულების საბოლოო ადგილია შუა აზიის ქვეყნები რუსეთის გავლით. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც პირველადი მოხმარებისა და მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვთ.

თურქული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიმართულების ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ჰამიდ გურდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გაქცევის მსურველი რუსეთის მოქალაქეები ლარსის მონაკვეთზე შეუძლებელს ხდიან თურქული ტვირთების გადაზიდვას.

გადამზიდავების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე აბდულა ოზერი კი აცხადებს, რომ მსუბუქმა ავტომობილებმა, რომლებითაც რუსები საქართველოში გაქცევას ცდილობენ, მთლიანად გადაკეტეს რუსეთის ტერიტორიაზე მოძრაობა.

„საზღვრის მეორე მხარეს სამობილიზაციო პუნქტი გახსნეს და ყველას, ვისაც საქართველოში გადასვლა უნდა, ამოწმებენ. ეს კიდევ უფრო ზრდის რიგებს. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 1500 თურქი მძღოლი ელოდება საზღვრის გადაკვეთას, რომელთაც მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვთ. ბუნებრივია, მათ ეჩქარებათ და ამიტომ ცდილობენ უკან დაბრუნებას და რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის გავლით გადასვლას“, – თქვა ოზერმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მარშრუტი გაცილებით ძვირია – ამ თურქული სატვირთოებისგან საგზაო გადასახადის სახით სულ მცირე 700–800 დოლარს იღებენ.

„მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, – ამბობს აბდულა ოზერი. – მობილიზაციის გამოცხადებამდე რუსეთში გადასვლას 2–3 დღეს სჭირდებოდა, ახლა კი ლოდინი რამდენიმე კვირას გაგრძელდება, რაც, თავისთავად, აძვირებს გადაზიდვას“.