თბილისი (GBC) – „ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს“, – ამ სიტყვებით მიულოცა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედ პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. ერდოღანს ხმა ამომრჩეველთა 52,13%–მა მისცა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამომრჩეველთა 47,87%–იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

ერდოღანს თავის მოღვაწეობაში თურქი ხალხის აყვავებისა და ქვეყნის პროგრესისთვის ახალი წარმატებები უსურვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ერდოღანმა მილოცვა სომხეთის პრემიერ–მინისტრისგანაც მიიღო. „ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზებისთვის მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობას“, – წერს ფაშინიანი ტვიტერზე.

ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ლიდერებმა, მათ შორის პუტინიც იყო.

არჩევნებში დამარცხებული ქილიჩდაროღლუს რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრები კი პარტიის გენშტაბის წინ შეიკრიბნენ და ქემალ ქილიჩდაროღლუს გადადგომა მოითხოვეს. პარტიის წევრები თავის ლიდერად სტამბოლის მერს მოიაზრებენ.