თბილისი (GBC) – NATO–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტში შეიკრიბნენ, სადაც ორი დღის განმავლობაში განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების მოცულობისა და ფორმების საკითხს, რუსული აგრესიის პირობებში. ამის შესახებ BBC წერს.

სამიტის გახსნისას ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO თავისი ტერიტორიების თითოეულ გოჯს დაიცავს დავდასხმის შემთხვევაში. მან აღნიშნა, რომ ალიანსი „არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში“, თუმცა მისი წევრები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ, რათა მან რუსეთისგან თავის დაცვა შეძლოს.

სტოლტენბერგმა რუსეთი სისასტიკეში დაადანაშაულა, ასევე ისაუბრა იმ ფინანსურ ტვირთზე, რომელიც ამ ომის გამო ევროპასა და სხვა ქვეყნებს დააწვა.

ალიანსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ NATO ვერ მისცემს რუსეთს გამარჯვების უფლებას, ვინაიდან ეს ვლადიმირ პუტინს და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი თავდაჯერებულობით გამოიყენონ თავისი ძალები დასახული მიზნების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა NATO–ს სამიტი 14 წლის წინ, 2008 წელს, სადაც ალიანსში საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ვლადიმირ პუტინმა მაშინ ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა და 4 თვის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა.