თბილისი (GBC) - ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი, – განაცხადა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა,

ჰელგა მარია შმიდტმა ლოძში (პოლონეთი) ეუთო-ს მინისტერიალზე  რუსეთის ღალატზე  აღნიშნა, რომელმაც დიალოგის და თანამშრომლობის ნაცვლად, აირჩია ძალადობა. 

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი. ომს კატასტროფული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

„რუსეთის მიერ მეზობელი და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი, რომელიც უკვე მრავალი წელი ხელს უწყობდა პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ამ ომს კატასტროფული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ამ ომმა კატასტროფული შედეგი იქონია ამ ორგანიზაციაზე და იმ სამუშაოზე, რომელსაც ვასრულებთ. ეს გარდაუვალი არ ყოფილა. უნდა შეგახსენოთ, რომ ეუთო არასდროს ყოფილა თანამოაზრეთა ორგანიზაცია, ეუთო დაიბადა ცივ ომში, არა ამ ომის დასასრულს, არამედ ომის შუა პერიოდში.

ამ ორგანიზაციამ ერთად შეკრიბა არა მოკავშირეები, არამედ მოწინააღმდეგეები, რათა მოეხდინა კონფლიქტების დარეგულირება, შეემცირებინა დაძაბულობა და გაეუმჯობესებინა ნდობა, საერთო ენა მოეძებნა თანამშრომლობისთვის. სწორედ ესაა ჩვენი საქმე, რომელსაც თითქმის 50 წელი ვაკეთებდით არა შესანიშნავად, არამედ პროდუქტიულად, თუმცა წელს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, მიუხედავად არაერთი ძალისხმევისა, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, არამედ ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი. ამ ომსა და იმ უამრავ სისასტიკეზე, რომელიც მას თან მოაქვს, რეაქცია გახლდათ ომის დაგმობა და ჰელსინკის აქტის პრინციპის კიდევ ერთხელ დადასტურება“, – განაცხადა ჰელგა შმიდტმა.