თბილისი (GBC) – შსს–ს სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში შესული მოქალაქეების რაოდენობით თურქეთი პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, საქართველოს წლის ბოლო თვეში თურქეთის 220 000 მოქალაქე ესტუმრა. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების ზრდის მაჩვენებელმა 468% შეადგინა. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთიდან საქართველოში ახალი iPhone–ბის შესაძენად უამრავი ადამიანი შედიოდა. ბათუმის მაღაზიებსა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გრძელი რიგები წარმოიქმნა. თურქეთიდან ეგრეთ წოდებული „ტელეფონის ტურებიც“ კი დააორგანიზეს.

როგორც ekhokavkaza.com წერს, საქმე ისაა, რომ საქართველოში სმარტფონების ფასი ორჯერ დაბალია თურქეთის დახლებთან შედარებით. გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს თურქეთის მოქალაქეების გააქტიურება წაახალისა ახალი მოსაკრებლის დაწესებამ IMEI ტელეფონების რეგისტრაციაზე, რომლებიც თურქეთში უცხოეთიდან შეაქვთ. რეგისტრაციის გარეშე ჩართულ ტელეფონებზე მობილური კავშირი 120 დღის შემდეგ იბლოკება.