თბილისი (GBC) –გალტ & თაგარტის (G&T) საბაზისო სცენარით, 2035 წლისთვის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე არსებული 4.7 გიგავატიდან 9 გიგავატამდე გაიზრდება, რაც წინა ათწლეულის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატება.

ადგილობრივი მოხმარება საშუალოდ 3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად, რაც ეკონომიკურ აქტივობასა და ელექტრომობილებისა და ელექტროტექნიკის უფრო ფართო გამოყენებას უკავშირდება.

მოხმარების ზრდა დაჩქარდება, თუ საქართველოში დატა ცენტრების მშენებლობა გააქტიურდება. ამ სცენარით, საქართველო 2028 წლიდან წმინდა ექსპორტიორი გახდება.

პესიმისტური სცენარით, თუ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა შეფერხდა, ქვეყანა კვლავ ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი დარჩება.

ენერგეტიკული ბაზრის ახალი კვლევა , ელექტროენერგიის გენერაციაზე, მოხმარებისა და ფასების ტენდენციებზე, ექსპორტის შესაძლებლობებზე, ინვესტირებისას გასათვალისწინებელ ყველა საკითხზე, G&T-მა კონფერენციაზე წარადგინა, რომელიც დარგის წამყვანი კომპანიების და მარეგულირებელი სტრუქტურების ჩართულობით წარიმართა და 400 მონაწილეს უმასპინძლა.

ასევე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები ქსელის განვითარებასა და შავი ზღვის გადამცემი ხაზის პროექტზე, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, ხოლო ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა.

გაიმართა პანელური დისკუსია სექტორის აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. ეკონომიკის მინისტრისმ, სემეკის თავმჯდომარის, საქართველო-ურბან ენერჯის გენერალური დირექტორის და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მონაწილეობით.

“ინვესტორებისთვის კრიტიკულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც პირდაპირ აისახება პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია — სიღრმისეული ანალიზის წარდგენასა და დარგში არსებულ გამოწვევებზე დიალოგს. ბოლო პერიოდში იზრდება ინტერესი ქარისა და მზის ენერგიის მიმართ, რაც დეტალურად აისახა ჩვენს კვლევაში. კვლევაში განხილულია როგორც ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე ის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ენერგოსისტემის სტაბილურობასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას განსაზღვრავს“, — აღნიშნა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.