თბილისი (GBC) - სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წელს კახეთში გამორჩეულად უხვი, რეკორდული მოსავალია. მისი თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული რთველის ორგანიზების პროცესში და რქაწითლის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. "წელსაც ვაგრძელებთ რქაწითლის სუბსიდირებას. რქაწითლის ფასი 1 – 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება საფერავს, დღეის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტი, 40 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული. მევენახეების მხრიდან საფერავის ჩაბარების მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია. საფერავის უხვი მოსავალია, ამიტომაც სწრაფად ჩაბარების საჭიროება დადგა, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არ გაუარესდეს ხარისხი და მევენახეებს მოსავალი არ გაუფუჭდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმოს 10-მდე ლოკაციაზე უკვე დაწყებული აქვს საფერავის მიღება და მევენახეები 1 კილოგრამში 1,50 ლარს მიიღებენ.
ოთარ შამუგიას თქმით, ვისაც ამ ფასზე ნაკლებად აქვს საფერავი ჩაბარებული, მათაც დაუკომპენსირდებათ ეს თანხა 1,50 ლარის ფარგლებში. მისი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიღება.
"ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს. ჩვენ წლებია ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს, სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ძალიან კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს. ეს შედეგები ღვინის ექსპორტის, შემოსავლების და მოსავლის ზრდაშია გამოსახული. მოსავალი ამ წლების განმავლობაში 4-5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ეს გადაწყვეტილებაც ამის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანშიც“ იმყოფებოდა.
მინისტრმა სახელმწიფოს მხრიდან მევენახე ფერმერების მხარდაჭერასა და ბაზრების დივერსიფიცირების საკითხის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშესახები შედეგები სახეზეა.
„იმ ბაზრებზე, სადაც ვხედავთ, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, მეტ საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას. ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ბაზარი მზარდია, ქართულ ღვინოს ცნობადობა აქვს და პროცესები კარგად მიდის. ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გვაქვს ექსპორტის 40%-იანი ზრდა - წელს უკვე 1 მილიონ ბოთლზე მეტია გატანილი. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამერიკაშიც - ზრდის მაჩვენებელი 35%-მდეა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კომპანიის „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მხარდაჭერით მარანი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებში. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით მოაწყო მეწარმემ ღვინის მარანი - გასულ წლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია 3000-მდე დიდი, საშუალო და მცირე მარანი; აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტს ახორციელებს.
ძმები გიორგი და გელა ხუციშვილების საოჯახო მარანი წლიურად, საშუალოდ, 15 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს 2 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან, ორიენტირებულია ქვევრის ღვინოზე და ექსპორტს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ რქაწითლის ჯიშის ყურძნის 2015 წლის მოსავალი „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით მარანში არსებულ ორსაუკუნოვან ქვევრში დადუღდა.
„ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“ უცხოელი სტუმრებისთვის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებიც იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რთველის პროცესში, გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებსა და კულტურას, რაც საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.