თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ამ მიზნის მისაღწევად, სხვა ინიციატივებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვს თანამედროვე სახაზინო ინფრასტრუქტურის დანერგვას, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, ბაზარს რისკის ჰეჯირების უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტები შესთავაზონ.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში ბაზისბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ტერაბანკი, სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.

,,მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ წარმატებით ამუშავდა ქართული ბანკების საერთო სახაზინო პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიმუშაოთ კოორდინირებულად და სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მზად ვართ ბაზარს შევთავაზოთ სტანდარტიზირებული რთული დერივატიული კონტრაქტები.

მთავარი გამოწვევები, მომავალში იქნება რეალური სექტორიდან ჩვენი კლიენტების ინფორმირება ახალ პროდუქტებზე და ფინანსურ რისკებზე, რომლის მიტიგაცია ყოველდღიურად გვიწევს. ამასთანავე, საქართველოს საერთო სახაზინო პლატფორმა უნდა გადაიქცეს რეგიონალური მასშტაბის პროექტად.

განსაკუთრებით ვულოცავ გუნდს რომელიც ამ წლების განმავლობაში გაუმკლავდა რთულ გამოწვევებს და შეიქმნა მომხმარებლებისთვის აუცილებელი პროექტი "- ვახტანგ ბაბუნაშვილი, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ფინანსური დირექტორი.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.