თბილისი (GBC) - ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოში ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა და 2026 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი აპრილის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 0.2 პ.პ.-ით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების, განსაკუთრებით კი ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ საქართველოში საწვავის გაძვირება განაპირობა. აღნიშნული ფაქტორი პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების შედეგად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე, რის გამოც აპრილში ფასების ზრდამ 5.9%-ს მიაღწია.

„მაისში ინფლაცია შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 5.7%-მდე დაიკლო, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინებთან", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სების პირველი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გაამკაცრა. მისივე პროგნოზით, ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე.

ეროვნული ბანკის არსებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში, ინფლაცია თანდათან შემცირდება და 2027 წელს მიზნობრივი მაჩვენებლის (3%) გარშემო დასტაბილურდება.