თბილისი (GBC) – აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლუის ბონო სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩევლად დანიშნა კავკასიის საკითხებში. 

„ამ თანამდებობაზე ბონო რეგიონის ლიდერებთან იმუშავებს, რათა დაიძრას სამშვიდობო პროცესი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და გადაწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, – ნათქვამია ამერიკის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

ბლინკენი ამბობს, რომ „ეს დანიშვნა ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ანიჭებს“, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს საქართველოს საკითხზე – „ერთადერთ საერთაშორისო ფორმატზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციას ეძღვნება“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბონოს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. კერძოდ, იგი აშშ–ის წარმომადგენელი იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში და გაეროში.

გასულ წელს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის თანამდებობა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერმა დაიკავა. მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ტოვებს თანამდებობას და დიპლომატიურ სამსახურს.