თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება. ოთხშაბათს მდინარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სუს-ში ის „თავისი გუნდით მიდის“.

მდინარაძის თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ, 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.

„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკამ მდინარაძემ სუსის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრია და პარლამენტის დეპუტატი იყო.

ირაკლი ბერაიას რაც შეეხება, იგი 2025 წლის 2 აპრილის შემდეგ იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას.