თბილისი (GBC) – ოკუპირებული სოხუმის რეაბილიტირებულ აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავები რუსეთის 7 ქალაქიდან შეასრულებენ რეისებს. ამის შესახებ რუსულ მედიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განუცხადა. 

რუსული მედიის ცნობით, ეს ქალაქებია მოსკოვი, სანკტ–პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, კრასნოდარი და სოჭი.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის 5 ქალაქიდან (მოსკოვი, სანკტ–პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი და სოჭი) ამჟამად ავიარეისები ხორციელდება თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. კრასნოდარის აეროპორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დახურულია.

სავარაუდოდ, ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს არ შეასრულებენ ის კომპანიები, რომლებიც თბილისის მიმართულებით ოპერირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დასავლური სანქციები შეეხება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, ვინაიდან ორგანიზაციას აღიარებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ICAO–მ 2006 წელს გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და ყველა დოკუმენტიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.

2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსულ კომპანიასთან „ინფრასტრუქტურული განვითარება“ სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელი. მაშინ ბჟანია ამბობდა, რომ აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბერს გაიხსნება.

აღნიშნული კომპანია რუსეთის შს ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილს ეკუთვნის.