თბილისი (GBC) -  "ქართულმა ოცნებამ"  2023 წელს მეოთხე კვარტალში 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ხოლო, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო – 447 030 ლარი. ამის შესახებ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალურ საინფორმაციო ბიულეტენშია ნათქვამი. თუმცა, ბიულეტენის თანახმად, პარტიის შემომწირველებს შორის პირველ კვარტალშიც ფიგურირებდნენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ჯამურ შემოწირულებებს, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ერთად 1 224 111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8-ჯერ ნაკლებია. შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 447 030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445 500 ლარით, ხოლო მესამეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 170 720 ლარით.

ბიულეტენის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 12 800 ლარის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.

~

აღსანიშნავია, რომ შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტულმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი, სხვა პარტიებთან შედარებით, გაცილებით მაღალი იყო.

2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 700 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული.)