თბილისი (GBC) – რუსულ–ქართული საქმიანი საბჭოს ვლადიკავკაზში გამართულ სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გახსნის წინადადება წამოაყენეს. ამის შესახებ „რუსეთის ქართული დიასპორა“ ტელეგრამ–არხზე წერს.

მანამდე აღნიშნული საბჭოს წევრები რუსეთ–საქართველოს ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მივიდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ვიცე–პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო, საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრებამდე ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტი „ისტორიულ შედეგს მოუტანს ჩვენ ხალხებს, ჩვენ ქვეყნებს“.

აგვისტოში დსთ–ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვს „სრულიად შესაძლებლად“ მიაჩნია საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით.

ზემო ლარსის გზა ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელია რუსეთსა და საქართველოს შორის. ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ალტერნატიული სატრანზიტო გზების გახსნის ინიციატივით პერიოდულად გამოდიან ერევანში, მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმში. საქართველო ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია.