თბილისი (GBC) - სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩის თარაშ პაპასქუა, პარასკევს, 29 ნოემბერს, facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

მოქმედი ელჩის თქმით, საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება "მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი"

"დღეს, როცა რუსეთი:
- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!", - წერს მოქმედი დიპლომატი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ 100-ზე მეტია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს, 28 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ განაახლებს და ამ პერიოდში არც ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებს მიიღებს.

კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.