თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 4 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას "დეზინფორმაციის" უწოდებს და აცხადებს, რომ 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, თუმცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ ტვირთზე, გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

"ლევან ხაბეიშვილი ამჯერადაც სიცრუით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი - ,,CAPIBARA", რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი - 15 000 ტონა დიზელის საწვავი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში", - ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ხაბეიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობტანკერის შემოსვლის შესახებ.

„ივანიშვილი არ ჩერდება! ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი - „Capibara“, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა „Газпром нефть“-ის სანქცირებული დიზელით. მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია „BONEX“-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი… ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი - „სუს-ის“ დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა „მმართველის" აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა. ამის დასტურია სქემის მთავარი ფიგურანტის - გივი ქუთათელაძის თანამდებობაზე დატოვება ბათუმის ნავთობტერმინალში, არაფორმალურ „მაყურებლად“! - (რაღაც დეპარტამენტის უფროსად ჰყავთ გაფორმებული). შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში, გავასაჯაროვეთ ასეთივე ფაქტი და გასაჯაროების შემდეგ გემმა, რომელიც დატვირთული იყო სანქცირებული საწვავით სასწრაფოდ დატოვა ბათუმის პორტი და გაიპარა“, - წერდა ხაბეიშვილი.