თბილისი (GBC) – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის: საქართველოს, სომხეთის, ვენესუელის და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს და წერს, რომ ტუსკმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მაისში ვარშავაში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე რუსეთის დაზვერვის დავალებით მოქმედებდა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. 

ტუსკის განმარტებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები „გასაგები მიზეზებით“ უფრო მოწყვლადი არიან რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან გადაბირებისადმი".

ტუსკმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ „კრიმინალურ პრობლემებზე“ და დასძინა, რომ „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ეროვნული მახასიათებელი, არამედ საკითხი, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს“.

მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.

29 ივლის პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პოლონეთში დააკავეს 32 პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. მათ შორის არიან რუსები, უკრაინელები და ერთი კოლუმბიელი.