თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2Q25-ში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7%-იანი ზრდაა. მათ შორის ტურისტების რაოდენობამ 1.3 მლნ (+10.7% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.3 მლნ (-5.4% წ/წ). 

ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან. ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება.

გალტ & თაგარტი წერს, რომ 2Q25-ში, ვიზიტორების ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა ისრაელ-ირანს შორის ივნისის ომის გავლენით, ისრაელიდან ვიზიტორთა ზრდის შენელებისა და ირანიდან შემცირებული ვიზიტების მიუხედავად.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2.8 მლნ შეადგინა (+4.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 2.3 მლნ (+6.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 0.5 მლნ (+4.2% წ/წ) იყო.

შემოსავლები ტურიზმიდან

საინვესტიციო კომოანია წერს, რომ 2Q25-ში საქართველომ $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. ზრდის ძირითადი წყარო ევროკავშირი იყო (+26% წ/წ), რაც გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს უკავშირდება. ამასთან, შემოსავლები შემცირდა რუსეთიდან (-20.5% წ/წ) და თურქეთიდან (-10.7% წ/წ).

გალტ & თაგარტის აზრით, რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, ვიზიტორთა პროფილის ცვლილებას უკავშირდება - გრძელვადიანი ვიზიტორები (ციფრული ნომადები, მიგრანტები) შედარებით მოკლევადიანმა ჩაანაცვლა, რომელთა საშუალო დანახარჯიც 2Q25-ში უფრო ნაკლები იყო.

ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა $2 მლრდ შეადგინა (+3.8% წ/წ), რაც ევროკავშირიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და აზიური ბაზრებიდან შემოსავლების ზრდას უკავშირდებოდა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.5 მლრდ-ს მიაღწევს, თუმცა, 2Q25-ის დინამიკის გაგრძლების შემთხვევაში, ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი $4.6 მლრდ-ია.