თბილისი (GBC) – წელს პირველად, ამბროლაურის აეროპორტი „გემო ფესტს“ მთავარი მხარდამჭერის სტატუსით უერთდება. ქუთაისისა და მესტიის შემდეგ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ამჯერად რაჭაში, ყველაზე გემრიელ ფესტივალში, ამბროლაურის აეროპორტით მონაწილეობს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფესტივალი ამჯერად რაჭაშია და შესაბამისად, ამბროლაურის აეროპორტი ამ პროცესის აქტიური მონაწილეა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ცდილობს რეგიონული აეროპორტების განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. სპეციალურად ფესტივალისთვის, 28 აგვისტოს დავნიშნეთ დამატებითი ავიარეისი, რათა სტუმრებს სულ რაღაც 35 წუთში შეეძლოთ ამბროლაურში ჩაფრენა. ყველას ვეპატიჟებით, 29 და 30 აგვისტოს რაჭის განუმეორებელი გემოსა და ხალისის გასაზიარებლად ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე‘’, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ზუსტად, ორი დღით ამბროლაური ნამდვილ კულინარიულ ცენტრად გადაიქცევა. სპეციალური კვების სივრცის გარდა, სადაც ადგილობრივი შეფმზარეულები მიიღებენ მონაწილეობას, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.