თბილისი (GBC) – ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰოსპიტალზე ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული ორი დარტყმის შედეგად, რომელიც 25 აგვისტოს მიიტანეს, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც Reuters–ზე, Associated Press–ზე, Al Jazeera–სა და სხვა მედიასაშუალებებზე მუშაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტო აზუსტებს, რომ ერთ–ერთი მსხვერპლია ოპერატორი ხუსამ ალ–მესრი, რომელიც Reuters–ის კონტრაქტორი იყო. პალესტინელი მედიკოსების თქმით, იგი პირველი დარტყმისას დაიღუპა, რომელიც ზედა სართულზე, პირდაპირი ტრანსლაციის პოზიციაზე განხორციელდა.

კლინიკის თანამშრომლების თქმით, მეორე დარტყმა ისრაელმა მოედანზე მიიტანა, სადაც დანარჩენი ჟურნალისტების დაიღუპნენ.

მომხდარზე რეაგირება ჰქონდა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს: "როდის მოხდა ეს? მე ეს არ ვიცოდი და არ ვარ ბედნიერი ამის გამო. არ მინდა ამის ნახვა. ამ დროს ჩვენ უნდა დავამთავროთ მთელი ეს კოშმარი", – ციტირებს თეთრი სახლის ლიდერს სააგენტო Reuters.

თავის მხრივ, ისრაელმა დაადასტურა ჰოსპიტალზე იერიშის მიტანა. ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა მომხდარის გამოძიების ბრძანება გასცა.