თბილისი (GBC) – გერმანიაში, „EURO 2024“-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის ტურისტულმა კომპანიებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის სერვისის შეთავაზებები უკვე დაიწყეს. ტურისტული კომპანია Fly.ge-ის წარმომადგენელმა GBC-ს უთხრა, რომ ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია და პირდაპირი რეისების ფასი ერთ ადამიანზე (ორი გზა) 3100 ლარიდან იწყება.  

Georgian Airways გერმანიაში, „EURO-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. Georgian Airways–ის წარმომადგენელმა გვითხრეს, რომ ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით (2 გზა) 1550 ლარი იქნება.

„პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

Just.fly-ის წარმომადგენლების თქმით, ევრო–2024–ის პერიოდისთვის გერმანიაში სასტუმროებს ფასებიც გაიზარდა და ერთი ადამიანისთვის ჩაფრენა და შემდეგ უკან დაბრუნება, (თამაშის ბილეთის ღირებულების გარდა)  3990 ლარი ჯდება, რაც შეეხება „DESTINY TRAVEL“-ს, კომპანიაში აცხადებენ, რომ სამივე თამაშზე დასწრება სულ მცირე 5000 ლარი ეღირება.

ტურისტული კომპანია Turebi.ge პირდაპირ ფრენებს დორტმუნდის მიმართულებით ამ დროისთვის არ ყიდის და სტამბოლის გავლით აქვს შეთავაზებები გულშემატკივრებისთვის. ამ კომპანიაში ერთ ადამიანის მგზავრობა საქართველოს ნაკრების თამაშის დღეებში (ორი გზა) 1170 ლარი ღირს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის (18 ივნისს), ჩეხეთის (22 ივნისს) და პორტუგალიის ნაკრებებს (26 ივნისს) დაუპირისპირდება.

თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი, 18 ივნისი)

ჩეხეთი – საქართველო (ჰამბურგი, 22 ივნისი)

პორტუგალია – საქართველო (გელზენკირხენი, 26 ივნისი)