თბილისი (GBC) - Reuters–ის ცნობით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ტერიტორია გაათავისუფლა პალესტინელებისთვის განკუთვნილი ბანაკის ასაშენებლად, რომელიც, შესაძლოა, შესასვლელში თვალთვალისა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით აღიჭურვოს.

აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს სამხედრო მრჩეველმა, გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა ამირ ავივიმ გააჟღერა. მისი განმარტებით, ობიექტი აშენდება რაფაჰის იმ რაიონში, რომელიც „ჰამასის“ გვირაბებისგან უკვე გაიწმინდა, ხოლო გადაადგილების კონტროლს ისრაელის პერსონალი უზრუნველყოფს. ავივი, რომელიც გავლენიანი „ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის“ დამფუძნებელია, არ საუბრობს თავდაცვის ძალების სახელით, რომელმაც კომენტარისგან თავი შეიკავა. გენერლის თქმით, ბანაკი მოემსახურება როგორც იმ პალესტინელებს, რომელთაც ღაზის დატოვება და ეგვიპტეში გადასვლა სურთ, ისე მათ, ვინც ადგილზე დარჩენას ამჯობინებს.

Reuters წერს, ეს განცხადებები ემთხვევა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის „შეზღუდული გახსნისთვის“ მზადებას, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების გეგმის საკვანძო მოთხოვნას წარმოადგენს.

Reuters–ის წყაროების ცნობით, ისრაელის მიზანია უზრუნველყოს სექტორიდან იმაზე მეტი პალესტინელის გასვლა, ვიდრე მათში დაბრუნების უფლების მიცემაა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ მოსახლეობის იძულებითი დეპორტაციის განზრახვას, ისინი წარსულშიც საუბრობდნენ ღაზელთა ემიგრაციის წახალისებაზე.

ავივის განცხადებით, რაფაჰში ამჟამად პრაქტიკულად აღარ იმყოფებიან ადგილობრივები, რადგან ტერიტორია ოქტომბრის ზავის შემდეგ ისრაელის სრული სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა. მისივე თქმით, აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ასობით ათასი ადამიანის მასპინძლობასა და მკაცრ იდენტიფიცირებას გახდის შესაძლებელს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია ოფისი კი ამ ინიციატივას „იძულებითი გადასახლების“ საფარველად მიიჩნევს.

Reuters–ის ინფორმაციით, პარალელურად, ისრაელი ემზადება შესაძლო ახალი სამხედრო ოპერაციისთვის, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის იარაღის დაყრაზე, რაც ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის პირობაა. გეგმა ითვალისწინებს ღაზის რეკონსტრუქციის დაწყებას რაფაჰიდან დემილიტარიზაციის სანაცვლოდ, თუმცა „ჰამასი“ საჯაროდ აცხადებს უარს განიარაღებაზე.

თეთრი სახლის დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციას სურს მძიმე შეიარაღების დაუყოვნებლივი დეკომისია და პირადი იარაღის რეგისტრაცია ტექნოკრატიული ადმინისტრაციის ჩამოყალიბებამდე. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში გამოსვლისას მკაფიოდ აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპი არ მოიცავს რეკონსტრუქციას და მისი უმთავრესი მიზანი სექტორის სრული დემილიტარიზაცია და „ჰამასის“ საბოლოო განიარაღებაა.