თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის უმაღლესმა ხელმძღვანელმა სი ძინპინმა სამშაბათს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობაზე განაცხადეს. მხარეები ერთმანეთს დაჰპირდნენ მეტ ენერგომატარებლებს ჩინეთში და მეტ ჩინურ კომპანიას რუსეთში. ამით ეს ორი ქვეყანა დასავლეთის სანქციებისგან თავდაცვას აპირებენ.

ეკონომიკურ პრობლემებში გადაშვებული და მსოფლიო არენაზე იზოლირებული რუსეთი უდიდეს იმედებს ამყარებს ჩინეთზე. სწორედ ამ ქვეყნის წყალობით ცდილობს პუტინი იმ დანაკარგის ანაზღაურებას, რაც დასავლეთის მიერ თითქმის ყველა კარის ჩაკეტვით განიცადა. ექსპერტების აზრით, მიმდინარე კვირაში პუტინის ეკონომიკური აქტივობები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ პეკინი მოსკოვზე ზეგავლენის ბერკეტებს იგდებს ხელთ.

ამ ორი ლიდერის შეხვედრის პარალელურად იაპონიის პრემიერ–მინისტრი ფუმიო კისიდა კიევში ჩავიდა მხარდაჭერის ნიშნად. ამან კიდევ უფრო გამოკვეთა გეოპოლიტიკური რღვევა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. იაპონია დიდი შვიდეულის ქვეყნებს შეუერთდა რუსეთის დასანქცირებაში და უკრაინას მილიარდობით დოლარის დახმარებაც გაუწია.

დასავლეთის ქვეყნები შიშობდნენ, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გასაძლიერებლად იარაღს გადასცემდა. თუმცა, არც პუტინს და არც სის სამხედრო დახმარების შესახებ სიტყვაც არ უთქვამთ. ამის ნაცვლად მათ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გააკეთეს აქცენტები და დასავლეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარების ხელის შეშლაში დაადანაშაულეს.