თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 1.9 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს ,,ავერსი-ფარმა’’ იგებს. ტენდერში წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დასრულდა და ამჟამად გამარჯვებული გამოვლენილია. ტენდერის ფინალურ ეტაპზე ავერსმა პსპ-ს მოუგო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის ფარგლებში, ავერსი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციას (საფეხბურთო კლუბები, პენიტენციური სამსახურები, საავადმყოფოები) პერიოდულად 285 ათას ფლაკონ ,,ჰეპარინს’’ მიაწვდის.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით, მედიკამენტები უნდა იყოს არანაკლებ 12 თვის ვარგისიანობის და უნდა იყოს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დაშვების უფლების მქონე.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ფარმაცევტული პროდუქტების ან სამედიცინო მოწყობილობების/აპარატურის ან სამედიცინო სახარჯი მასალების მიწოდების არანაკლებ 956,8 ათასი ლარის გამოცდილება.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, ავერსი-ფარმას მონაწილეობა მიღებული აქვს 1500-მდე ტენდერში, აქედან 745-ში გაიმარჯვა. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 45.5 მლნ ლარია.

ავერსი-ფარმა ბაზარზე ოპერირებს 1999 წლიდან. კომპანია ფლობს შემდეგ შვილობილ კომპანიებს: ავერსი კლინიკა; კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი; სადაზღვევო კომპანია ალფა; მედალფა; აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა; მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა; მედკაპიტალი (50%).

კომპანიის 67% პაატა კურტანიძეს, ხოლო 33% ნიკოლოზ კურტანიძეს ეკუთვნის.