თბილისი (GBC) – კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელშიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში ვიცე-პრემიერმა ყურადღება საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ქვეყანამ 2021-22 წლებში ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2023-2027 წლებში ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მიღწეულ წარმატებებზე, აგრეთვე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის ენერგეტიკული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველო-ეგვიპტეს ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი და ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა. დავითაშვილის განცხადებით, ეგვიპტიდან შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება ინვესტიციები ეგვიპტიდან. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.

ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოვიდა ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (gafi) აღმასრულებელი ჰოსამ ჰეიბა და ეგვიპტის სხვა ოფიციალური პირები.

ბიზნესფორუმის მსვლელობისას, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალურ სააგენტოსა და საქართველოს და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას საინვესტიციო და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. ამასთანავე, ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესკლიმატის თაობაზე ინფორმაციის გაცვლას.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის 1992 წლის 11 მაისს დამყარდა.

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ტარდება რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას; ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, ბიზნეს ფორუმები და კულტურული ღონისძიებები.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეგვიპტეში სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის არაბული ენის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ კურსებში.