თბილისი (GBC) – „ექსპოჯორჯიაში“ საქართველოს აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მოსამზადებლად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“ და „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“ (FAO), ევროკავშირის პროგრამის „ENPARD“ მხარდაჭერით. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან“, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციიდან, „გარემოს ეროვნული სააგენტოდან“, კერძო სექტორიდან, საექსპორტო კომპანიებიდან და ფერმერთა ასოციაციებიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას თავად ფერმერებიც იღებდნენ. სემინარს ასევე ესწრებოდნენ ისეთი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, როგორიც არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცათ სივრცე მოსაზრებების გასაზიარებლად და  სტრატეგიისთვის საერთო ხედვის, მისიის, მიზნებისა და მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად. პრეზენტაციების, ჯგუფური სამუშაოებისა და დისკუსიების შედეგად, მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ და სტრატეგიის განვითარების შემდეგ ეტაპებს გაეცნენ.

„ისეთ აკვაკულტურას,  რომელიც  უფრო პროდუქტიული, ეკოლოგიურად მდგრადი და ინკლუზიური იქნება, პოტენციალი აქვს საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდეს. აკვაკულტურის სექტორის მხარდაჭერა გაუმჯობესებულ კვებასა და სიღარიბის აღმოფხვრასთან ნათლად არის დაკავშირებული და შესაძლოა საერთაშორისო ვაჭრობის უპრეცედენტო შესაძლებლობები შექმნას, ქვეყნის ადგილობრივი ბაზარი კი უფრო მრავალფეროვანი გახადოს“, განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა.

„პროდუქტიული სამუშაო შეხვედრისა და საველე ვიზიტების შედეგად, ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რის შედეგადაც აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განვითარება დაჩქარდება. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის წინსვლისთვის“, თქვა ჯუმბერ მარუაშვილმა, FAO-ს პოლიტიკის მრჩეველმა.

“საქართველოს მტკნარი წყლის აკვაკულტურის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის  სიღრმისეული ანალიზის შემდეგ, მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ აკვაკულტურის სტრატეგიის განვითარებას. ჩვენი მხარდაჭერა ასახავს თუ რამდენად დიდ პოტენციალს ვხედავთ აკვაკულტურის განვითარებაში სასურსათო უსაფრთხოებისა და, ასევე, DCFTA-ის ჭრილში, საექსპორტო საქონლის განვითარების კუთხით. სტრატეგიის განვითარებაში მონაწილე ყველა ჩართულ მხარეს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ დოკუმენტი ითვალისწინებდეს საერთაშორისო ეკოლოგიურ, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებს, მომხმარებლის დაცვასთან, ინკლუზიურობასა და გენდერულ თანასწორობასთან ერთად. სტრატეგიის კომპლექსურობის უზრუნველსაყოფად, საკვანძო მნიშვნელობა ექნება სხვა ქვეყნებიდან საუკეთესო მაგალითების ინტეგრირებას და სტრატეგიის შემუშავების პროცესში კერძო სექტორისა და მწარმოებლების ჩართულობას. საქართველოს, ევროკავშირის სტანდარტებსა და პრაქტიკასთან მიახლოების ლეგიტიმური ამბიცია აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, აკვაკულტურის სტრატეგიის შემუშავებისას,  შთაგონებისთვის, ევროკავშირის ახალი „მდგრადი აკვაკულტურის წარმოებისა და მოხმარების სტრატეგიული ხედვ“ -ის დოკუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში მომზადდა“, თქვა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. პროგრამის „ENPARD” პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობის და მის მიღმა.