თბილისი (GBC) – საქართველოს საპენსიო ფონდმა საინვესტიციო პორტფელების ნოემბრის შედეგები გამოაქვეყნა – ზრდის ტემპი მოკრძალებული აღმოჩნდა, რასაც საერთაშორისო აქციების ბაზრებზე ზრდის შენელებას უკავშირებენ.

ნოემბერში ყველაზე მაღალი, 0.58%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების მოგებამ, შესაბამისად, 0.39% და 0.2% შეადგინა.

შედარებით დაბალი თვიური ზრდის მიუხედავად, დინამიკური პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით ლიდერობას ინარჩუნებს:

  • დინამიკური – 14.13%
  • დაბალანსებული – 12.26%
  • კონსერვატიული – 10.76%

ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.3%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ნოემბრის ბოლოსთვის ₾8 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾2.2 მლრდ-ს მიაღწია.