თბილისი (GBC) – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა.

მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

ჩხენკელს მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს.