თბილისი (GBC) – თურქეთმა უარი თქვა რუსული და ბელარუსული ავიაკომპანიების Boeing–ებისა და Airbus–ების მომსახურებაზე, მათ შორის საწვავის გამართვაზეც. ასეთი გადაწყვეტილება თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტრომ აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს წერილის შემდეგ მიიღო, წერს პორტალი AirportHaber.

საწვავით გამართვაზე და სხვა თანამდევ სერვისებზე შეზღუდვა შვიდ რუსულ ავიაკომპანიას და მათ ყველა სახის ავიალაინერს ეხება.

ამჟამად, თურქეთიდან გაფრენილი რუსული თვითმფრინავების ეკიპაჟები იძულებული არიან, სოჭის აეროპორტში დაეშვან საწვავის შესავსებად.

შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია რუსულ გამოცემას kommersant.ru ავიაკომპანიებიდან ორმა წყარომ დაუდასტურა, რომელთაც განაცხადეს, რომ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობენ.

გარდა ამისა, AirportHaber–ის მონაცემებით, თურქულ ავიაკომპანიებს სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიების საწვავით გამართვა აეკრძალათ. ასეთებია ლუკოილი და გაზპრომი.

სტამბოლის აეროპორტი რუსებისთვის საკვანძო ტრანზიტული პუნქტია, საიდანაც მათ იმ ქვეყნებში გადასვლა შეუძლიათ, რომლებმაც რუსეთში ფრენები აკრძალეს. აშშ უკმაყოფილოა იმით, რომ თურქეთის ქმედებები სანქციების ეფექტს არბილებს. თურქეთი კი რუსეთისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას და ასევე რუსეთს, უკრაინასა და დასავლეთს შორის შუამავლის პოზიციის დაკავებას ცდილობს.