თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით ნავთობის ფასი თვიურად 4.6%-ით, ხოლო 2024 წლის დასაწყისიდან 13.6%-ით გაზარდა. ბუნებრივი აირის ფასი 14.7%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან +0.1%–ით გაიზარდა. მარტში ოქროს ფასი 9.1%-ით, ამონიუმის ნიტრატის ფასი 11.6%-ით, სპილენძის ფასი 4.3%-ით, ხოლო ფეროსილიკონის ფასი 0.1%-ით გაიზარდა.
კვლევის თანახმად, კვარტალურად დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ეტალონური მარკების ნავთობის ფასის $100-მდე ზრდა კვლავ რეალური გახდა. JP Morgan-ის სცენარის მიხედვით, ნავთობს შეუძლია სამნიშნა ფასებს სექტემბრამდე მიაღწიოს, თუმცა რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რამაც შესაძლოა ეს ზრდა შეანელოს. კერძოდ, OPEC+–ის გადაწყვეტილებები, აშშ-ის წარმოების დინამიკა და მისი სტრატეგიული რეზერვები.
ამასთან, გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 14.7%-ით გაიზარდა (+0.1% 1კვ24-ში). ნედლეული ახალ მომხმარებელ სექტორს იძენს ხელოვნური ინტელექტის (AI) სახით. დატა ცენტრებისგან მზარდია ბუნებრივი აირის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგიის მოთხოვნა, რათა შეძლონ „AI რევოლუციისთვის“ საჭირო ენერგორესურსების მოძიება.
გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, ოქროს ფასი თვიურად 9.1%-ით გაიზარდა (+8.1% 1კვ24-ში). გასული კვარტლის განმავლობაში ძვირფასმა მეტალმა არაერთხელ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იგივეა (ჩინური მოთხოვნა, ცენტრალური ბანკები და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება), რაც ჩვენს წინა გამოცემებში განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის ზრდის პარალელურად ოქროს ETF-ებში ინვესტიციები მცირდება.
გალტ&თაგარტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 11.6%-ით გაიზარდა (+33.3% 1კვ24-ში). მიუხედავად ზრდისა, ინდუსტრიას რამოდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს ახლო და საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, მსხვილ ეკონომიკებში პოტენციური გაჯანსაღების და მიწოდების ჯაჭვის შესაძლო გამოსწორების (წითელი ზღვის ჩათვლით) გზით, შესაძლოა სასუქების მოთხოვნის მეტად გამოკეთება 2024 წლის მეორე ნახევრისათვის.
ხორბლის ფასს რაც შეეხება, თვიურად 8 %-ით შემცირდა (-25.6% 1კვ24-ში). გასულ კვარტალში ევროკავშირში ფერმერების პროტესტი მნიშვნელოვანი თემა იყო მარცვლეულის ინდუსტრიისათვის. ფერმერები მოითხოვენ გაუქმდეს უკრაინისათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათები, რაც ქვეყანას ევროკავშირის ბაზართან თითქმის შეუზღუდავ წვდომას აძლევს. ახლანდელი ზომები 5 ივნისს იწურება, სამომავლო გეგმები კი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
სპილენძის ფასი თვიურად 4.3%-ით გაიზარდა (+3.6% 1კვ24-ში). მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის ნელი ზრდისა, ინვესტორები ბაზარზე დეფიციტს ელიან, რაც ცენტრალური ბანკების შემცირებული განაკვეთებითა და შემცირებული გადამუშავებით იქნება გამოწვეული.
ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 0.1%-ით (+9.2% 1კვ24-ში), ჩინურის კი 4.7%-ით შემცირდა (-8.2% 1კვ24-ში). მოლოდინი, ამ ეტაპზე, დამაიმედებლად არ გამოიყურება, შედარებით სუსტი აზიური მოთხოვნის ხარჯზე.