თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარსა და სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი) 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.6%-ით მეტი). ნებართვების 73.8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის ქ. თბილისზე, 10.1% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1% - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 7.7%-ით მეტი) 2 597 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 37.2% მოდის ქ. თბილისზე, 13.4% - კახეთის რეგიონზე, 13.1% - მცხეთა მთიანეთის რეგიონზე  და 8% - იმერეთის რეგიონზე.