თბილისი (GBC) - “შოკირებული ვიყავი… როგორც ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, გადარჩება… მის სიცოცხლეს ამ მომენტში საფრთხე არ ემუქრება,” - უთხრა BBC-ს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტომაშ ტარაბამ გუშინ, 15 მაისს. მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების შედეგად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია”.
15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.
ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის 71 წლის იურაი ჩინტული, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმისას გამოყენებულ იარაღს კანონიერად ფლობდა. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და როდესაც მწერლისთვის ხელის ჩამოსართმევად გაემართა, ამ დროს გაისროლა ჩინტულმა.
ეჭვმიტანილი თავდასხმის შემდეგ ადგილზევე დააკავეს.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაგმო “სასტიკი" თავდასხმა პრემიერზე და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ფიცოზე თავდასხმას გამოეხმაურნენ და დაგმეს გაეროს, ევროკავშირის, ასევე ცალკეული ქვეყნების ხელმძღვანელებმა.
ფიცოზე თავდასხმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც დაგმო. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი. „მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი", - აღნიშნავს პრემიერი.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “საშინელი ძალადობრივი აქტი” უწოდა თავდასხმას.
ფიცოზე თავდასხმის გამო ღრმა აღშფოთება გამოხატეს მეზობელი ქვეყნების, პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა, ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ორბანმა, ასევე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ფიცოს მთავრობამ, რომელიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას და ის “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა.
შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მატუს შუტაი-ეშტოკმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, თავდასხმა პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.