თბილისი (GBC) – დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყნის აეროპორტებში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს უვიზო ტრანზიტს უუქმებს. ამის შესახებ განახლებულ წესებში იკითხება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

6 ოქტომბრამდე, როდესაც შეზღუდვა ამოქმედდება, გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ტრანზიტით მხოლოდ 8 სექტემბრის 0:01 საათამდე შეძენილი ბილეთებით ისარგებლებენ.

გათვალისწინებულია გამონაკლისებიც: მაგალითად, შეზღუდვა იმ მოქალაქეებს არ შეეხება, რომელთაც აშშ–ის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიის, ან ევროპული ეკონომიკური ზონის რომელიმე ქვეყნის ვიზა, ან ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვთ.

„2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები უცვლელად ლიდერობენ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბოროტად იყენებენ სატრანზიტო პირობებს დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მოპოვების მიზნით. შინაგან სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებისთვის სატრანზიტო ვიზის მოთხოვნა ბრიტანეთში ჩასვლამდე მათ საშუალებას აღარ მისცემს, რომ ტრანზიტის მომიზეზებით შევიდნენ ბრიტანეთის ტერიტორიაზე და შემდეგ თავშესაფარი მოითხოვონ“, – წერს პორტალი NewlandChase.