თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მისი თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში კონსულტაციები  ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო  საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების შემდეგ  მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრი პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახლდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი ყველა მიმართულებით, არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე მისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის შესახებ:

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაიბადა 1978 წლის 22 დეკემბერს, თბილისში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1999-2003 წლებში იყო შპს „საადვოკატო ბიურო - კორძაძე და სვანიძე“–ს ადვოკატი. 2003-2010 წლებში – კს „სვანიძე და პარტნიორები“ - ადვოკატი, პარტნიორი. 2010-2012 წლებში იყო შპს „საადვოკატო გაერთიანება - სარჯველაძე და მშვენიერაძე“-ის ადვოკატი, პარტნიორი. 2012-2013 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2018-2020 წლებში – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

2020 წლიდან დღემდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლის 11 დეკემბრიდან დღემდე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.