თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.3 ათასით განისაზღვრა, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა კი 1.1%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 681.1 ათასი შეადგინა.

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 692.5 ათასით განისაზღვრა, რაც 4.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.6%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36% თბილისის მცხოვრებია, 15.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.5% — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.8%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 385.8 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 363.2 ათასი ვიზიტი თვეში).

2025 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 280.6 მილიონი ლარით, რაც 6.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4%-ით და 166.9 ლარს გაუტოლდა.