თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება და ამ ფულით რუსთავის მერია 70 ერთეული ავტობუსს შესაძენად, ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერის დასრულების შემდეგ, შემოდგომიდან, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. მისივე თქმით, ეს ავტობუსები დედაქალაქის ტერიტორიაზე ბასლაინებზეც დაიშვებიან.

„ათასობით რუსთაველის პრობლემა გადაწყვეტილია, რუსთაველები თბილისის მიმართულებით კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ. პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი თანადგომით და ჩვენი საპარლამენტო გუნდის წევრების ალექსანდრე დალაქიშვილისა და ირაკლი შატაკიშვილის მხარდაჭერით, რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება. ეს კი ჩვენი ქალაქისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორიცაა რუსთავი-თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების შეძენა. საკითხი, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, რუსთავის მერიის გუნდი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმუშაობდით, წარმატებით დასრულდა. შემოდგომიდან, რუსთაველებს, დედაქალაქის მიმართულებით, კომფორტულად და შეუფერხებლად მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რის შემდეგაც უკვე გვექნება შესაძლებლობა ათასობით რუსთაველს, რუსთავის მერიამ მთელ გუნდთან ერთად, კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისი შევთავაზოთ სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით თბილისის მერიასთან, რისთვისაც მე მინდა მადლობა ვუთხრა მათ. რუსთავის ბიუჯეტის 20 მილიონი ლარით გაზრდა, მთავრობის განკარგულებით მოხდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს, იმისთვის, რომ რუსთაველებისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა მოგვცა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.