თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი დაამტკიცა. როგორც სების პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანებაში ვკითხულობთ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.
დოკუმენტით განსაზღვრულია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სავალუტოები რეგისტრაციის, მისი გაუქმებისა და ზოგადად ფუნქციონირებისთვის.
ამასთან, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პუნქტის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა).
დოკუმენტის მიხედვით, პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას, ფილიალის გახსნის მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პუნქტის სარეგისტრაციო ნომრით.
იმ შემთხვევაში, თუ პუნქტის რეგისტრაცია გაუქმდება, ყველა არსებული ფილიალის საქმიანობაც წყდება. თუმცა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.
გარდა ამისა, ბრძანებაში მოცემულია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უნდა აკმაყოფილებდეს ფუნქციონირების პროცესში.
კერძოდ:
თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით:
„ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში);
„ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
„მოითხოვეთ ქვითარი! – Request a receipt!“;
ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”.
ამასთან, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს ვალუტის გადაცვლის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ვალუტის დასახელება;
ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);
ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);
მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის პირობებიც. განკარგულების მიხედვით, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტი შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.
წესების თანახმად, პუნქტის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, ერთი დირექტორის არსებობის შემთხვევაში, დირექტორს უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, ერთი მოადგილე (ან პირი, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოვალეობის შესრულება), რომელიც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
ამასთან, პუნქტის ვალდებულებაში წერია, რომ ტრანზაქცია უნდა შესრულდეს არაუმეტეს 30 წუთში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელი უნდა იყოს ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.