თბილისი (GBC) - „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი და ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში ირანის გავლენების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურებიან.

ჯონ უოლტერსის განცხადებით, კვლევა, რომლის თანაავტორები ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან, ინსტიტუტის სტანდარტების შესაბამისად მომზადდა და საჯაროდ ხელმისაწვდომ, შემოწმებულ ინფორმაციას ეფუძნება. მისი თქმით, ხელისუფლება კვლევის ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნაცვლად, წარმოდგენილი დასკვნებით უნდა იყოს შეშფოთებული.

„კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის მკაფიო და სისტემურ სურათს აღწერს. მსგავსი განვითარება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებს“, - აღნიშნავს უოლტერსი.

აღნიშნულ საკითხს X-ზე გამოეხმაურა კონგრესმენი ჯო უილსონიც.

მან „ქართულ ოცნებას“ ანტიამერიკული პარტია უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ირანის რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტების გამოაშკარავების შიშით ექსპერტების გაჩუმებას ცდილობს. „ირანის დასამარცხებლად „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“, - წერს კონგრესმენი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. საქმის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცეს თინა ხიდაშელმა, გუბაზ სანიკიძემ და გიორგი კანდელაკმა.

გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. უწყების კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა, რომლებიც საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას უკავშირდებოდა.

სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც, თუმცა უწყების ინფორმაციით, იგი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.