თბილისი (GBC) - 2024 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 3%-ით (22 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 760,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 681,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 79,2 ათასი – იურიდიული პირი.
სს „თელასის“ 2024 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა“ 1,815 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,4% (110 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 995 კმ შეადგინა, რაც 3,4%-ით (231 კმ-ით) აღემატება 2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 764 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.