თბილისი (GBC) – ევროკავშირი ჩინეთთან სავაჭრო ომისთვის ელექტრომობილებზე დაწესებული ბეგარის გამო ემზადება. ასეთი მოსაზრება ჟურნალ The Economist–ში გამოქვეყნებულ სტატიაშია მოყვანილი.

ამასთან დაკავშირებით გამოცემა ჰოლანდიური ოსტ–ინდური კომპანიის გენერალ–გუბერნატორს იან პიტერსზონ კუნს ციტირებს, რომელმაც აქციონერებს ჯერ კიდევ 1614 წელს უთხრა, რომ „შეუძლებელია ვაჭრობის ომის გარეშე წარმოება, ხოლო ომის – ვაჭრობის გარეშე“.

თუმცა, ჟურნალის შეფასებით, დღეს სხვა ვითარებაა. ცოტა ხნის წინ ევროკომისიის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე დამატებითი გადასახადების დაწესება იმით არის განმარტებული, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ავტომწარმოებლებს უკეთეს პირობებს სთავაზობს ოპერირებისთვის, ვიდრე ევროპულ ავტომწარმოებლებს თავის ბაზარზე.

„ნუ დავიბნევით: მიზანდასახულობა – ეს აუცილებელი პირობაა ღია ბაზრების შესანარჩუნებლად“, – განმარტავს ვითარებას საბინა ვეიანდი, ამ თემაზე ჩინეთთან ბრიუსელის სახელით მომლაპარაკებელი.

ვაჭრობის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა სესილი მალმსტრემმა თქვა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებებით შემოდგომისთვის ტარიფების დაწევის შანსი არის, თუმცა დამატებითი გადასახადის მთლიანად გაუქმებაზე საუბარიც არ არის. შემდეგ ნაბიჯად ევროკავშირმა ჩინეთის წინააღმდეგ შეიძლება ახალი „იარაღი“ გამოიყენოს – ეგრეთ წოდებული „საერთაშორისო შესყიდვების ინსტრუმენტი“.

ეს უშუალოდ სამედიცინო მოწყობილობებს და აღჭურვილობას ეხება. პეკინთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, რომლის მიზანია ევროპული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანაბარი პირობების შეთავაზებას ისახავს მიზნად, ბრიუსელს შეუძლია სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ ჩინურ კომპანიებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოცხადებულ ტენდერებზე წვდომა შეუზღუდოს.