თბილისი (GBC) – ჟურნალ "ინდიგოს" რედაქციის ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ბიურომ "გრანტების კანონის" საფუძველზე მათ მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. მკითხველისადმი ამ ინფორმაციის შემცველ მიმართვას გამოცემა Facebook-ის გვერდზე 10 ნოემბერს აქვეყნებს.

"ძვირფასო მკითხველო,

ანტიკორუფციულმა ბიურომ სხვა მეგობარი ორგანიზაციების მსგავსად „ინდიგოს“ მიმართაც დაიწყო წარმოება „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე. რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შეგვქმნა - თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღვწერთ და როგორ ვყვებით ამბებს.

ახლაც გვჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს.

ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

სიყვარულით,

ინდიგო", - ვკითხულობთ მიმართვაში.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებით, მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტების გაცემა აიკრძალა. მთავრობის თანხმობის გარეშე მიღებული გრანტი იწვევს მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით ჯარიმას. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს.