თბილისი (GBC) - მთავრობა სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ენოთეკა იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, რომელიც ღვინისა და სპირტიანი სასმელების შენახვისა და კოლექციონირების მიზნით შეიქმნება. მასში სხვადასხვა სახეობისა და წარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმელების კოლექცია იქნება დაცული.

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა იქნება. სააგენტო უზრუნველყოფს კოლექციის ფორმირებას, შენახვას, აღრიცხვას, განახლებას, შევსებასა და განკარგვას, ასევე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმელებისა და ტარის შესახებ მონაცემთა სისტემატიზაციას.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებულ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები არ გავრცელდება.